logo
ENG



ჯაფარიძე: სრული სისულელე და ბოდვაა, თითქოს "ოცნებაში" ჩუმ-ჩუმად დავდიოდი

20 იან 202113:30
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ერთ-ერთი ბადრი ჯაფარიძე სრულ სისულელეს და ბოდვას უწოდებს ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრას ინდივიდუალურად და "ზურგს უკან" აწარმოებდა.

ფორმულას ეთერში ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ის მხოლოდ ელჩების ფასილიტაციის ფორმატში, მათივე თანდასწრებით შეხვდა.   

"ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფასილიტაციით გვქონდა შეხვედრები ქართული ოცნების ლიდერებთან. იყო სხვადასხვა ფორმატით ეს შეხვედრები. იყო, როცა მარტო მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო - როცა შეხვედრას ჩემთან ერთად ესწრებოდა დავით უსუფაშვილი. მაგრამ ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით. როცა ეს მოლაპარაკებები მთავრდებოდა, ჩვენ მათ შედეგებს ვუზიარებდით ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს. ამიტომ ეს არის ნორმალური პრაქტიკა. გამომდინარე იმ პარტნიორული სულისკვეთებიდან, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ჩვენ მუდმივად ერთმანეთს ვუზიარებდით ინფორმაციას იმ შეხვედრების შესახებ, რომლებსაც სხვები არ ესწრებოდნენ. 

მაგრამ ეს არის და ეს. სხვა რამე არ ყოფილა. სრული ბოდვა გავრცელდა, თითქოს ჩუმ-ჩუმად ქართულ ოცნებაში დავდიოდი. ეს სრული სისულელეა, ამაზე კომენტარიც არ ღირს". - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ალეკო ელისაშვილმა ბადრი ჯაფარიძეზე განცხადება გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. გადაცემაში მამუკა ხაზარაძეც მონაწილეობდა, რომელმაც ელისაშვილს მატყუარა უწოდა და უთხრა, რომ არასდროს მივიდეს ოპოზიციურ შეხვედრაზე. 

ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. იგივე პოზიცია ჰქონდა ალეკო ელისაშვილსაც, თუმცა, მოგვიანებით მან თქვა, რომ თუ ქართული ოცნება "გაწიკწიკებულ საარჩევნო სისტემას შესთავაზებს, პარლამენტში შევა". მას შემდეგ ელისაშვილმა არაერთხელ დააყენა სხვდასხვა პირობა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შევა პარლამენტში.

ბოლო ასეთი განცხადება მან გირჩის ნაწილთან ერთად გააკეთა. ელისაშვილი და ხვიჩია/მეგრელიშვილი ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთვევაში უნდა დაინიშნოს, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მოუგებს ქართულ ოცნებას. პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საარჩევნო სისტემის რეფორმის შემთხვევაში კი მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ.

ელისაშვილი ასევე ცდილობს, სხვა პარტიებს თავის ინიციატივაზე ინიდივიდუალურად ესაუბროს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. მისივე განცხადებით, ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც პოზიციას არ იცვლის, გიგა ბოკერია აშანტაჟებს. 


close დახურვა